მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა დასავლეთს მესამე მსოფლიო ომით ემუქრება, რუსეთის დუმაში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ფედერაციის გენერალურ პროკურორს ანიჭებს უფლებას, სამუდამოდ აკრძალოს ნებისმიერი მედიასაშუალება. დასჯადი გახდება "შავ სიაში" მოხვედრილი მედიის ციტირებაც.
კანონპროექტში ვკითხულობთ:
"კანონი რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეებს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას გააუქმოს მასობრივი ინფორმაციის საშუალების რეგისტრაცია და შეუწყვიტოს ლიცენზია ტელე-რადიო მაუწყებლობაზე, თუ მედისაშუალება ავრცელებს უკანონო, სახიფათო ინფორმაციას. მათ შორის არასანდო სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის და შეიარაღებული ძალების მიმართ. ასევე ტირაჟირებ რუსეთის მოქალაქეების ან იურიდიული პირების მიმართ პოლიტიკური თუ ეკონომიკური სანქციების დაწესებას".
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მედიასაშუალებების დასახურად აღარც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო და არც გასაჩივრების შესაძლებლობა რჩება. კანონპროექტი უკვე შეფასდა, როგორც მედიის საბოლოო წმენდის მცდელობა.
თავისუფალი სიტყვის სრულად ჩასახშობად რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. მედია ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები უკვე არსებულ "სამხედრო ცენზურაზე" უარესია.
"გენერალურ პროკურორს შეეძლება სამუდამოდ დახუროს მედიასაშუალება და ნებისმიერი ინტერნეტ რესურსი, თუ ჩათვლის, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის კრემლის პოლიტიკასთან. დოკუმენტში თვალშისაცემია ორთოგრაფიული შეცდომები, გამეორებული აბზაცები, შუაგზაში მიტოვებული წინადადებები. ეჭვი მეპარება, კანონპროექტის ავტორები იურისტები ყოფილიყვნენ. სავარაუდოდ, ამ კანონპროექტის დამწერები ცდილობდნენ, დოკუმენტი რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინათ," - ამბობს ორგანიზაცია "მედიის უფლებების დაცვის ცენტრი" გალინა არაპოვა.
ახალი სახელმწიფო ცენზურის ინიციატორები რუსეთის სათათბიროს დეპუტატები არიან, მათ შორისაა ვასილ პისკარევი, რომელიც დუმის უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს. პარალელურად ცენზურის დაკანონების აუცილებლობაზე ალაპარაკდა რუსული პროპაგანდა. "რაშა თუდეის" მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი არ მალავს, რომ დიდი სახელმწიფო ვერ იარსებებს ინფორმაციის შეზღუდვის გარეშე. კრემლის მთავარი პროპაგანდისტი კონსტიტუციიდან იმ ფორმალური ჩანაწერის ამოღებასაც ითხოვს, სადაც წერია, რომ რუსეთში ცენზურა აკრძალულია.
სანამ ცენზურის ახალი კანონი ძალაში შევა, რუსეთში დაუმორჩილებლობის გამო უკვე დაიბლოკა BBC, Deutsche Welle, რადიო თავისუფლება, "მედუზა", "დოჟდის" და სხვა მედიების ვებგვერდები.
ომის დაწყების შემდეგ, 4 მარტს, კრემლმა უკვე აკრძალა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის "ომად" მოხსენიება. კრემლისთვის მისაღები ფორმულირება მხოლოდ "სპეციალური სამხედრო ოპერაციაა". ასე ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი.