ბრძოლა დონბასისთვის აქტიურ ფაზაშია. ცოტა ხნის წინ ქალაქ სლავიანსკზე საოკუპაციომ ძალამ იერიში ტოჩკაუს ტაქტიკური რაკეტით განახორციელა, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობას კიევი ამ დრომდე აზუსტებს.
სლავიანსკი მთელი ღამე კასეტური ბომბებითაც იბომბებოდა. დღეს რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოისთან ევაკუაციისთვის განკუთვნილ ავტობუსებს. დაჭრილია ჩვილი, ერთი მოზარდი და ეტლით მოსარგებლე მოხუცი ქალი.
უმძიმესი მდგომარეობაა იუზუმშიც, სადაც რუსეთმა 25 ტაქტიკური ბატალიონი, სატანკო და სადესანტო დანაყოფები გადაიყვანა იერიშზე.
რუსული გენერალიტეტი დონბასთან ერთად ახალ ამოცანს ისახავს მიზნად: მთელი სამხრეთ უკრაინა და კორიდორი დნესტრისპირეთამდე.
რუსეთი უტევს, მაგრამ მსხვერპლიც დიდი აქვს, განსაკუთრებით 58-ე არმიას, რომელიც 2008 წელს საქართველოშიც ომობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ დანაყოფს 250 ჯარისკაცი ჰყავს მკვდარი. ყველა ელოდება გარდატეხას, მით უმეტეს, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ახლა ბევრად მეტი ტანკი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. განადგურდა რუსეთის 6 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა, 15 მანქანა და ოთხი საარტილერიო სისტემა.
დანაკარგი აქვს უკრაინულ მხარესაც. პრეზიდენტის შტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა დონეცკის აღმოსავლეთში 42 სოფელი დაიკავეს.
ამ დროისთვის რუსი ჯარისკაცები დაახლოებით 3 500 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. ქალაქ ლიმანში ოკუპანტებმა ცენტრალური საავადმყოფო ააფეთქეს. ღამის განმავლობაში დაიბომბა სლავიანსკიც.
თითქმის შეუჩერებლად იბომბება ხარკოვი. ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ დანგრეულია 2000-მდე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლები და ჰოსპიტლები. უკანასკნელი იერიში ოკუპანტებმა ორ აგრარულ ბაზარზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი. სამშვიდობო ობიექტების განადგურებაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კვლავ არ საუბრობენ.
ოკუპანტების მხრიდან თავდასხმის მაღალი საფრთხის გამო დღეს საევაკუაციო მარშრუტები არ დაიგეგმა. ოფიციალური კიევი რისკის ზონაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან და მთავრობის მითითებებს დაელოდონ.
მანამდე, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ზონებში გაეროს წარმომადგენლები მუშაობენ. ორგანიზაციის ოფიცრებმა ბუჩაში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობის ფაქტი, მათ შორის სიკვდილით დასჯის გზით, დოკუმენტურად დაადასტურეს.
გაეროს ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში გადაამოწმა და დაადასტურა 2 345 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის და 2 919 დაშავების ფაქტი.