121 დრონი სახელწოდებით "ფენიქსის აჩრდილი" შეერთებული შტატების დახმარების პაკეტის ფარგლებში, კიევში უახლოეს პერიოდში ჩავა. როგორც ცნობილია, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის არმიის მოთხოვნების გათვალისწინებით ამერიკულმა ფირმამ დრონი-კამიკაძის მოდელზე შექმნა. უკრაინა მიღებულ დახმარებას როგორც საჰაერო დარტყმებისთვის, ისე დაზვერვისთვის გამოიყენებს.
უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის საფრანგეთიც. პარიზი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - Milan-ს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს - Caesar-ს მიაწვდის. დანადგარს 40 კმ-ის მანძილზე 155 მმ-იანი ჭურვების გასროლა წუთში 6-ჯერ შეუძლია. იარაღის გაგზავნის პარალელურად, მაკრონი ისევ პუტინთან მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობს. საფრანგეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ კრემლთან დიალოგი სიტუაციას გააუმჯობესებს.
პუტინს უკვე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ომზე ევროკავშირის პოზიცია კიდევ ერთხელ გააცნო და აღდგომის დღეებში ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა, შარლ მიშელმა ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული დერეფნების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი მარიუპოლის შემთხვევაში.
სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ფრთხილობს გერმანიაც. ოლაფ შოლცის განცხადებით, NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს. დღესვე გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას მომავალში ისევ განაგრძობენ.
უკრაინის დახმარებაზე საუბრობს დიდი ბრიტანეთიც. ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება.
ევროკავშირი კი მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, შეზღუდონ ავტომობილებით გადაადგილება და სახლიდან იმუშაონ. ევროკომისიის განცხადებით, ზომები, რომლებიც მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავეს, ოჯახებს წელიწადში საშუალოდ 500 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.