გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, მათმა ოფიცრებმა ბუჩაში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობის ფაქტი, მათ შორის სიკვდილის დასჯის გზით, დოკუმენტურად დაადასტურეს.
გაეროს ინფორმაციით, ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში (HRMMU) გადაამოწმა და დაადასტურა მინიმუმ 5 264 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაშავების ფაქტი, კერძოდ: 2 345 დაღუპულისა და 2 919 დაშავებულის.
"ჩვენ ვიცით, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან გამოვლინდება ინტენსიური ბრძოლების რაიონებში ჩადენილი საშინელებები, მათ შორის მარიუპოლში," - განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა.
მისი თქმით, კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო იმის გამოსავლენად, რაც ბუჩაში მოხდა.
"ბუჩას თითქმის ყველა მცხოვრებმა, ვისაც ჩვენი კოლეგები გაესაუბრნენ, გვითხრეს ნათესავის, მეზობლის ან თუნდაც უცხო ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა გამოვლინდეს, რაც იქ მოხდა და ასევე ვიცით, რომ ბუჩა არ არის იზოლირებული ინციდენტი," - აღნიშნა მიშელ ბაჩელეტმა.