რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 57-ე დღის ბოლოს გავრცელებულ მიმართვაში გააკეთა. "ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ. ვიტოვებთ მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს", – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
"დახმარებისთვის პარტნიორების მადლობელი ვარ და მოვუწოდებ უკრაინაში იარაღის მიწოდების კიდევ უფრო დაჩქარებისკენ, რათა მშვიდობის მოახლოება შევძლოთ. ჩვენი ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით ოკუპანტები აგრძელებენ ყველაფრის კეთებას, რათა ჰქონდეთ მიზეზი ისაუბრონ რაიმე გამარჯვებაზე მაინც. ისინი ძალებს ზრდიან, ბატალიონის ახალ ტაქტიკურ ჯგუფებს ჩვენს მიწაზე აგზავნიან. უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ მობილიზაციის დაწყებასაც კი ცდილობენ.
მოვუწოდებ უკრაინის სამხრეთ რეგიონების - ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებს, იყავით ძალიან ფრთხილად, თუ რა ინფორმაციას აწვდით დამპყრობლებს. და თუ ისინი გთხოვენ შეავსოთ რაღაც კითხვარები, სადმე დატოვოთ თქვენი პასპორტის მონაცემები, უნდა იცოდეთ - ეს თქვენს დასახმარებლად არაა. ეს მიზნად ისახავს ჩვენს მიწაზე ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის გაყალბებას.
მინდა ვთქვა: არანაირი "ხერსონის სახალხო რესპუბლიკა" არ იქნება. თუ ვინმეს სურს ახალი ანექსია, ეს მხოლოდ გამოიწვევს ახალი ძლიერი სანქციების დარტყმას რუსეთზე. თქვენ თქვენს ქვეყანას ისე გააღარიბებთ, როგორც რუსეთი არ ყოფილა 1917 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ. ამიტომ ჯობია ახლა მშვიდობა ეძიოთ.
სამწუხაროდ, რუსეთმა სააღდგომო ზავთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულთან. თუმცა იმედს ვიტოვებთ მშვიდობის, იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.