ცოტა ხნის წინ დასრულდა ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს შორის. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და დაგმო რუსეთის აგრესია.
"დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვისაც იბრძვის.
უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის. საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი, ამიტომ დღეს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა უნდათ ალყაში მოქცეული მარიუპოლი ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა. დღეს ჩვენი აქ ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს," - განაცხადა პრეზიდენტმა.