27 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
შეცვალა თუ არა საქართველოს მოქალაქეების განწყობები უკრაინის ომმა და რა რეიტინგი აქვთ პარტიებს - NDI მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ NDI საქართველოში ჩატარებულ პირველ სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო აგრესიაში დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა. რეგიონში მიმდინარე ომმა კი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები კიდევ უფრო გაზარდა. მოსახლეობა მთავარ საფრთხედ კვლავ მეზობელ ოკუპანტ სახელმწიფოს ასახელებს.

რეგიონში მიმდინარე ომის პარალელურად, NDI კრიზისის დროს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების აღქმითაც დაინტერესდა. კვლევის თანახმად, გაზრდილია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის საქმიანობის პოზიტიური რეიტინგი. მოქალაქეების დიდი ნაწილი ეთანხმება, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციების არ შეუერთდა. გაზრდილია იმ პირთა რიცხვიც, ვინც ეკონომიკური ბაზრის რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულებას უჭერს მხარს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტი ბოლო თვეების განმავლობაში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ გაზრდილ ნდობასაც ასახავს. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უსაფრთხოების მთავარ შესაძლებლობად NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას მიიჩნევს.

NDI-ის კვლევა პარტიულ რეიტინგებსაც მოიცავს. ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა კვლავ "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზეა, თუმცა შემცირებულია "ნაციონალური მოძრაობის" პროცენტული მაჩვენებელი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი ელექტორატი ერთ პროცენტს არ სცდება.

სოციოლოგიურ გამოკითხვას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი კვლევის რელევანტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მოსწონთ მოქალაქეების განწყობები ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ, თუმცა პარტიულ რეიტინგებს არ აღიარებენ.

NDI-ის კვლევის სანდოობას კვლავ ეჭვქვეშ აყენებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ როგორც პარტიული, ისე ხელისუფლების საქმიანობის რეიტინგი მოცემულ რიცხვებზე გაცილებით მაღალია.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, თებერვალ-მარტში, ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი მოქალაქე გამოჰკითხა. სოციოლოგიური კვლევის ცდომილების მაჩვენებელი 2 პროცენტია.

 
 
დღის ამბები