კიევის თანამგზავრი ქალაქი და მისი სოფლები, რომლებზეც რუსეთმა ომის დაწყების პირველი დღეს მიიტანა სარაკეტო იერიში - ბროვარის დასახლება, სადაც დღეს "კურიერი" შევიდა, ორი თვის განმავლობაში რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო, თუმცა საფრთხე არც რუსების გასვლის შემდეგ არის გადავლილი. უკრაინის დედაქალაქთან მდებარე პრესტიჟული გარეუბნები დარბეულია, მისი ინფრასტრუქტურა განადგურებული, ტერიტორიაზე მოძრაობა კი ჯერაც სახიფათო. გამნაღმველები იქ დღეში 1 500-ზე მეტ ნაღმს პოულობენ.
სწორედ ასეთ ტერიტორიაზე იყო შესული დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი. სარაკეტო იერიში ამ მიმართულებაზე რუსეთმა 4 დღის წინაც განახორციელა. ბროვარი და მისი მიმდებარე სოფლები რუსებმა მარტის დასაწყისში აიღეს. დროებითი ოკუპაციის ქვეშ მყოფებს ყოველი წუთი ახსოვთ. ცხრილავდნენ ყველაფერს: სახლებს, ავტომობილებს, ადამიანებს. ეძებდნენ იარაღს, არ ატარებდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს, თან ძარცვავდნენ, თან მათხოვრობდნენ. დაზიანებულია თითქმის ყველა სახლი, ნატყვიარები შიდა ოთახებსაც ეტყობა. რუსებს ძაღლებიც კი სარდაფებში ემალებოდნენ. ვისაც დაიჭერდნენ, უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების კოორდინატებს სთხოვნენ.