27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით მმართველ გუნდს კითხვის ნიშნები აქვს, ხოლო ოპოზიციისთვის ორგანიზაციის შეფასებები გასაკვირი არაა

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირებულია, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საკითხია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, როდესაც მსგავსი ანგარიშები ქვეყნდება და ამაში ხელისუფლებას ეჭვი შეაქვს, ეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ხელს უშლის.

Freedom House-ის გასაკვირი არ არის არც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძისთვის. 

"ძალიან მნიშვნელოვანია Freedom House-ის შეფასება საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით. ჩვენც ვიცით, რომ დემოკრატიის მიმართულებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები. ამაზე მეტყველებს 5 ივნისის ფაქტი, როდესაც ხელისუფლების წაქეზებით სიძულვილის ჯგუფები არბევდნენ მედიის წარმომადგენლებს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მეთოდოლოგიასთან და წყაროებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

"ნებისმიერი კვლევა, სადაც საკადრისად და სამართლიანად არ იქნება შეფასებული საქართველოს ოკუპაცია და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ჩემთვის განიხილება როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი. შესაბამისად, მსგავსი ჩანაწერები საიდან და როგორ მოხვდა ამ ანგარიშში, ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, ვინ არის წყარო, იმიტომ რომ ჩვენ მსგავსი დეზინფორმაციები გვახსოვს ამ ორგანიზაციის ანგარიშებიდან, კერძოდ, 2013 წელს "იმედთან" დაკავშირებით ეწერა, როცა მოხდა კანონიერ მესაკუთრისთვის დაბრუნება, ეს იყო რაღაც საფრთხის შემცველად აღწერილი ამ ანგარიშში," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. 

ამასთან, დავით მათიკაშვილის თქმით, ანგარიშში კონკრეტული ფაქტები არ არის ობიექტურად მიმოხილული და აფხაზეთი ნახევრად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში არის განხილული.

დღის ამბები