თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ "CNN თურქისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.
"NATO-ს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, ისინი ომის გაგრძელებაში რუსეთის დასუსტების გზას ხედავენ, მათ დიდად არ აწუხებთ უკრაინაში არსებული ვითარება," - ამბობს ის.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, თუმცა, "ასეთი შეხვედრის თაობაზე საუბარი, ნაადრევია".
დიპლომატი ანტალიასა ან სტამბოლში შეხვედრას უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სთავაზობს.
კითხვაზე, ნაკლებად ხომ არ იჩენს ზელენსკი ამ შეხვედრისთვის ინიციატივას, რადგან ის დასავლეთის ქვეყნებთან შეთანხმებით მოქმედებს, ჩავუშოღლუ აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდანვე ზელენსკიმ ძალიან სერიოზული განცხადებები გააკეთა და მხოლოდ იმიტომ, რომ მას გარედან დახმარება ესაჭიროება, არ ნიშნავს, რომ ის მართულია.
რაც შეეხება რუსეთისთვის ანკარის მიერ სანქციების დაწესების საკითხს, დიპლომატი აღნიშნავს, რომ თურქეთი ვერ შეძლებდა შეესრულებინა შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა.
ჩავუშოღლუს თქმით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს უახლოეს დღეებში გეგმავს.