უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 55-ე დღეა. რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს. რთული ვითარებაა მარიუპოლში. "აზოვსტალის" ქარხანაში რჩება ასობით მოქალაქე. ღამით უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სიგნალები ისმოდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამ რეგიონში ცდილობენ.
რუსული გემების უკრაინის სანაპიროდან 200 კილომეტრით უკან დახევის შესახებ იუწყება უკრაინული მედია.
აფეთქებები იყო მიკოლაევში. დონეცკში დაბომბვებს კი 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ირპინში რუსმა სამხედროებმა 269 ადამიანი მოკლეს.
გაეროს მონაცემებით კი, სამედიცინო დაწესებულებებზე ომის პერიოდში 136 თავდასხმა განხორციელდა, რასაც 73 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.