27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
რუსეთის ტყვეობაში 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 700-ზე მეტი სამხედროა - ვიცე-პრემიერი

ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს სამოქალაქო პირებზე, ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციით - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. უკრაინის ვიცე პრემიერის თქმით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან.

"ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს სამოქალაქო პირებზე, ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციით. ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას ყოველგვარი პირობის გარეშე და უკრაინული მხარისთვის სამოქალაქო პირების გადაცემას.

სამხედროებთან დაკავშირებით ჩვენ დაახლოებით პარიტეტი გვაქვს - ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე და მათ თითქმის ამდენივე ჰყავთ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან თავიანთ ქმრებსა და ცოლებს - უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით, ჩვენ მათ სიას მუდმივად ვაძლევთ, თუმცა სხვა საკითხია, რომ მტრული მხარე არ თანხმდება ყველას გათავისუფლებაზე, არამედ ათავისუფლებენ მხოლოდ ნაწილს და მხოლოდ მათ, ვისაც თვლიან საჭიროდ. ეს მუდმივი ბრძოლაა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით," - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი კი იმ უკრაინელებს, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ურჩევს, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გადავიდნენ.

ანტონ​ გერაშენკომ ტელეკომპანია "ნასტაიაშია ვრემიასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ გზით უკრაინელები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

"უკრაინის მოქალაქეების უმეტესობა რუსეთში ძალდატანებით გადაიყვანეს. მათ ვურჩევ, ჩავიდნენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში, ეს მაგალითად არის საქართველო, ფინეთი, პოლონეთი, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები. უკრაინელებს აქვთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ასევე საქართველოსთან. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, თვითმფრინავით ჩახვიდეთ პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, მოლდოვაში. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი გვაქვს და შეგიძლიათ, დაბრუნდეთ უკრაინაში. ასეთი შემთხვევები უკვე გვაქვს,"- აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ. 

დღის ამბები