27 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი- შეუძლებელია იმის გადმოცემა, რაც ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკასა და კრამატორსკიში ვიხილეთ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და პატივი სცეს უკრაინელების არჩევანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინის უმაღლეს რადაში შეხვედრა გაიმართა, ქართველი დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ. შალვა პაპუაშვილს უკრაინელმა კოლეგამ რუსლან სტეფანჩუკმა უმასპინძლა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მათ ერთხმად განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა მეგობრულ ურთიერთობას და პარტნიორობას აგრძელებს.

შალვა პაპუაშვილმა დღეს უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მან რუსლან სტეფანჩუკს იმ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოუყვა, რასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ხალხისთვის აკეთებს.

"ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში რათა ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად არ შეგვეძლო, რადგან ჩვენი ხალხი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. ჩვენ კულტურა, მეგობრობა, ისტორია გვაერთიანებს. ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება იმ ადამიანების მიმართ რომლებიც დაზარალდნენ.

სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმ სურათის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, რამატორსკიში. მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პატივი სცეს უკრაინელების არჩევანს. ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს. 90-იანი წლების ომსა და 2008 წლის ომში. ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები