რეგიონული ტურნეს ფარგლებში, პრემიერი ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა. მეწარმემ მიკრო და მცირე საგრანტო პროგრამით მიღებული დაფინანსებით მარნისთვის სხვადასხვა საჭირო ინვენტარი შეიძინა, რითიც საოჯახო მეურნეობის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა. ირაკლი ღაღიბაშვილის თქმით პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო. სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, აგრეთვე მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.