ოპოზიციის წევრებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ქართულ დელეგაციასთან ერთად ვიზიტში მონაწილეობაზე და უკრაინაში ცალკე გამგზავრებულიყო, გაუგებარია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს შიდა პარტიული დაპირისპირების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
"ორი სხვადასხვა ჯგუფის ჩასვლა ნიშნავს იმას, რომ ყველა გზა მიდის კიევისკენ და მეორე იმას, რომ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ეტყობა ძალიან უყვართ ერთმანეთი, რომ იქ გადაწყვიტეს შეხვედრა. ეს არის შიდა პარტიული დაპირისპირების გაგრძელება. თუ პარლამენტში შესაძლებელია პაპუაშვილთან ერთად ჯდომა ან თუ ქართული ოცნებისთვის პრობლემა არ არის პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ყოფნა, თვითმფრინავში რას დაუშავებდნენ ერთმანეთს, არ მესმის," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, რა მიზნით აღარ მიიღო ვიზიტში მონაწილეობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გადაწყვიტა უკრაინაში ცალკე წასულიყო.
"გაუგებარია, ამხელა ბატალიები რატომ მოვაწყვეთ, იმის გამო რომ ნაციონალური მოძრაობა წამოსულიყო და რატომ იყო საჭირო მთელი ოპოზიციის სოლიდარობა იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიგვეღწია. თუ ამ მიზანს ვაღწევდით, ქართული ოცნება დათმობაზე მოდიოდა, მაშინ საერთოდ რა ჰქონდა მიზანი იმას, რომ ნაცმოძრაობას ეთქვა უარი ამ ვიზიტში მონაწილეობაზე და ცალკე წასულიყო, არ მესმის," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გრიგოლ გეგელია კი ფიქრობს, რომ რაც უფრო ერთიანი იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრივი დელეგაცია, მით უფრო სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის დღეს არსებულ სიტუაციაში.
"სახელმწიფო ვიზიტის არსი და აზრი არის ის, რომ სახელმწიფოს ერთიანობა წარმოადგინოს. სახელმწიფო თავის მხრივ, ყოველთვის არის განსხვავებულთა ერთობა," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.