ევროკავშირისგან მიღებული კითხვარი გადმოცემიდან მე-5 დღეს საჯარო გახდა - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, საზოგადოებას კი პირველმა დიპლომატმა გააცნო. ცნობილია კითხვების რაოდენობაც, ოფიციალურმა თბილისმა სწორი პასუხი 369 კითხვას უნდა გასცეს. ამის შემდეგ საქართველო ბრიუსელიდან კითხვარის მეორე ნაწილი გადმოეცემა. სწორედ ქართული მხარის პასუხებზე იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა ივნისში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.
კითხვარის გასაჯაროებას საკუთარ დამსახურებად თვლიან ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ისინი მთავრობას არასწორი პასუხების გაცემის საშუალებას არ მისცემენ. პოლიტიკური ოპონენტების განცხადებას მმართველ გუნდში სპეკულაცია უწოდეს. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა მმართველი ელიტა და ოპოზიცია ერთობლივ მუშაობას კითხვარის შესავსებად.
ევროკომისიამ კითხვარი საქართველოს მოლდოვასთან ერთად გადასცა, იქამდე სამი დღით ადრე კი, უკრაინას. საქართველომ და მოლდოვამ 369 კითხვას უნდა უპასუხონ. უკრაინამ - 368-ს.
როგორც წესი, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყნებს გაცილებით მეტი პასუხის გაგზავნა უწევთ ხოლმე. მაგალითად, 2016 წელს ბოსნიის ხელისუფლებამ ევროკომისიისგან 3242 კითხვა მიიღო.
კითხვარის მიხედვით უნდა შეფასდეს რამდენად აკმაყოფილებს საქართველო პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებს. სწორედ კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები იყო ის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილა.
პირველი დიპლომატის განმარტებით, სახელმწიფო უწყებებს შორის გააქტიურებულია კოორდინაცია, რათა პასუხები საქართველომ ევროკავშირს რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს.
ოპოზიციას სურს პასუხები ღია დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბდეს და პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა სუბიექტს მიეცეს.
კითხვარის შევსებას საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მორიგ საფეხურად თვლიან "ქართულ ოცნებაში", ოპონენტებს კი საპასუხოდ ურჩევენ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ეს შესაძლებლობა საქართველომ სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ მორიგი სერიოზული ნაბიჯი გადადგას.
საქართველოს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 11 აპრილს გადმოეცა. მთავრობა ახლა მეორე ნაწილს ელოდება. სწორედ გაცემულმა პასუხებმა უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს, რის შედეგადაც ქვეყანა მომდევნო საფეხურზე გადავა. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად უნდა თქვას, გახდება თუ არა კანდიდატი ქვეყანა კავშირის წევრი. პროცედურა ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში ინდივიდუალურია.