რეზონანსული მკვლელობიდან 7 თვის თავზე დამნაშავეები დაისაჯნენ. 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასჯელის მაქსიმუმი მიესაჯათ - აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. არც ერთი ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, განსხვავებით ნიკა კვარაცხელიას დედისგან, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე არ დასჯილა.
საუბარია მკვლელობის დამკვეთებზე. მიუხედავად 7 თვიანი ძიებისა, მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. თუმცა ის, რომ 22 წლის ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობა შეკვეთილი იყო, ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფაქტებით დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, მკვლელები ნიკო კვარაცხელიას რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტებს სწავლობდნენ. ამ დროისთვის, სასტიკი მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად ძიება საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელდება.