მოსკოვმა "მოსკოვის" ჩაძირვა აღიარა - რუსული ფლოტის 750 მილიონ დოლარად შეფასებული სიამაყე, ამიერიდან მხოლოდ თევზების თავშესაფრად თუ გამოდგება. სარაკეტო კრეისერის გადარჩენას რუსული არმია მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უკრაინული რაკეტებით დაზიანებულმა ხომალდმა სევასტოპოლის პორტამდე ვერ მიაღწია და შავი ზღვის ფსკერზე ის 16 ფრთოსანი რაკეტაც გაიყოლა, რომელიც უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყო განკუთვნილი.
"მოსკოვის" ჩაძირვამ მნიშვნელოვნად შეასუსტა შავ ზღვაში რუსული ფლოტის გავლენაც, რადგან ასეთი კლასის ხომალდი მხოლოდ ერთი ჰყავდა, დანარჩენებს ხმელთაშუა ზღვიდან თურქეთი არ ატარებს. სარაკეტო კრეისერი, რომელიც უკრაინულ ქალაქ მიკოლაევშია აგებული, 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ქართველი სამხედროების პოზიციებს ურტყამდა, წლების შემდეგ კი ის სირიის კამპანიაშიც მონაწილეობდა.
"მოსკოვი" ფსკერზეა. 40 წლის ისტორია ერთ დღეში უკრაინელების ხელით შავ ზღვაში ჩაიძირა. ოკუპანტების ძლევამოსილ კრეისერს "ნეპტუნის" ტიპის ორი რაკეტა მოხვდა, გემზე ხანძარი გაჩნდა და ხომალდი მალევე წყალმა დაფარა. თან გაიყოლა 16 ფრთოსანი რაკეტაც, რომელიც უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად იყო გამზადებული. საბრძოლო ისტორია ზღვაში მაშინ დაასრულა, როდესაც ის ახლომდებარე პორტში მიჰყავდათ.
მოსკოვს "მოსკოვში" უკვე გამოემშვიდობნენ - რუსეთის თავდაცვის უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ საბრძოლო მასალის აფეთქების შემდეგ მათი გემი ქარიშხლიან ზღვის ფსკერზე დაეშვა. 186 მეტრის სიგრძის კრეისერი შეიარაღებული იყო გემსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებით, ასევე ტორპედოებით, საზღვაო იარაღითა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებით. მას ვერტმფრენების მიღებაც შეეძლო. უკრაინაში შექმნილი გემი სასტიკი ომის დროს უკრაინულმა გემსაწინააღმდეგო მართვადმა რაკეტებმა იმსხვერპლა.
ბოლო 40 წლის განმავლობაში, საომარი მოქმედებების დროს ეს საზღვაო ხომალდის ყველაზე დიდი დანაკარგია. ეკიპაჟის წევრებმა ევაკუაცია მოასწრეს, თუმცა აფეთქებას ვერ გადაურჩა კრეისერის მეთაური ანტონ კუპრინი, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდანვე ქალაქების დაბომბვის ბრძანებებს გასცემდა. ცნობას ამის შესახებ უკრაინული მხარე ავრცელებს.
ასაკის მიუხედავად, სახელგანთქმული ხომალდი რუსეთის საზღვაო ძალების სიმბოლო იყო. უკრაინელი მცველების მიერ ნასროლმა რაკეტებმა კი შავ ზღვაში რუსული გავლენები შეასუსტა. სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახლა რუსეთის საზღვაო ფლოტი ნაპირიდან უფრო შორს გადაიწევს. მატერიალურ დანაკარგებთან ერთად ისინი ამ ამბავში სიმბოლურ დატვირთვასაც ხედავენ.
უკრაინული "ფორბსის" ინფორმაციით, ხომალდის ღირებულება 750 მილიონი დოლარი იყო. ის თავდაპირველად საბჭოთა კავშირში ააგეს, მიკოლაევის ოლქში, გემის პირველი სახელი "სლავა" ანუ დიდება იყო. გემი გამოიყენებოდა 1989 წელს საბჭოთა კავშირს და ამერიკას შორის გამართული მოლაპარაკებების დროს, რომელიც ისტორიაში მალტის სამიტის სახელით შევიდა. სამიტში საბჭოთა კავშირის მხრიდან იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობდა.
რუსული ფლოტის ფლაგმანი ზღვიდან ვეღარასოდეს დაბრუნდება, თუმცა ჩაძირული გემის ამბავს ზღვის ფსკერი და ისტორიის წიგნები სამუდამოდ შემოინახავს.