27 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
უკრაინელების გენოციდი რუსეთში დეპორტით - 150 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს

ადამიანები, რომლებიც პუტინის ბრძანებით უკრაინაში დაატყვევეს, ახლა მისივე ბრძანებით რუსეთის ტერიტორიებზე გაჰყავთ. დეპორტი რუსეთში - ეს არც ზრდასრულების არჩევანია და მით უმეტეს არც ბავშვების. ახალი გაკვეთილი, რასაც მათ რუსეთში უმზადებენ, იმის სწავლაა, როგორ დაივიწყონ საკუთარი ენა და სამშობლო.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიებიდან, რომელიც ახლა ოკუპანტის კონტროლის ქვეშ არის, რუსეთში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. მათგან 150 000-ზე მეტი ბავშვია. ამ ბავშვების დიდ ნაწილს მშობლები სწორედ იმ ქვეყნის "განმათავისუფლებელმა" ჯარისკაცებმა დაუხოცეს, რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ მათზე ზრუნავს და ახალი მშობლების მოძიებას ცდილობს. მეტი ვითომ ჰუმანურობისთვის, რუსეთში უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის წესებიც გაამარტივეს. მონაცემები აღრიცხული აქვს უკრაინის სახალხო დამცველს.

უკრაინის სახალხო დამცველის გარდა გენოციდზე საუბრობს ქვეყნის საგარეო უწყება. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვების ხოცვის და გატაცების გზით, რუსეთი უკრაინელი ერის მომავლის განადგურებას ცდილობს. უკრაინა პარტნიორებისგან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გადამწყვეტ რეაგირებას მოითხოვს. მიმართვას პირველი გამოხმაურება მოყვა ატლანტიკურ საბჭოში.

რუსეთი ან სიკვდილი - ეს პუტინის ახალი ჰუმანიტარული პოლიტიკაა, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის შეიმუშავა, უფრო სწორად კი იმ საბჭოთა წარსულიდან დააკოპირა, რომელსაც ეტრფის... ვინც გადასახლებაში ვერ მოხვდება ბლოკადაში მოქცეულ ქალაქებში, ან ტყვიით ან შიმშილით კვდება. უკრაინაში ყოველ დღეს ახალი სტატისტიკის შედგენით იწყებენ, პირველ რიგში როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ახლად მოკლული ბავშვების რაოდენობას ითვლიან. დღეისათვის მათი რიცხვი 196-ია.

დღის ამბები