ომის 51-ე ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და ხარკოვის ოლქებზე იერიში კვლავ მიიტანა. კიევის დაბომბვის მუქარა მოსკოვიდან ჯერ კიდევ 2 დღის წინ გაისმა. კიევის სამხრეთ-დასავლეთით "კალიბრის" ტიპის რაკეტებით ქარხანა ააფეთქეს. უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობაში დაადანაშაულეს და უფრო მასშტაბური ცეცხლით ემუქრებიან. ომის დაწყებიდან დღემდე, კიევზე გვიან ღამით მიტანილი იერიში ყველაზე მასშტაბურია - წერს სააგენტო "როიტერი". აფეთქების ხმა ისმოდა არა მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში, არამედ მთელს კიევის ოლქში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა შორი მანძილის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებმაც ფრთოსანი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე კრასნოდარის მხრიდან გაუშვეს. როგორც ჩანს, ფლაგმანის ჩაძირვის შემდეგ, მოსკოვი უკრაინაში ჩასულ ახალ თავდაცვის სისტემებს უფრთხის.
კრიტიკულია ვითარებაა მარიუპოლში, სადაც ბლოკადის გარღვევის იმედი ჯერ ისევ რჩება. აზოვთან შეერთებული საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური აცხადებს, რომ მარიუპოლის დებლოკირება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ეს კრიტიკულად მოკლე დროში უნდა მოხდეს. ქალაქს ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ის მხოლოდ იქ გამაგრებული სამხედროების გმირობაზე დგას. რუსულ ტყვიებთან ერთად, ადამიანებს მარიუპოლში უკვე შიმშილი და უწყლობა კლავს - მიწასთან გასწორებულ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო. ამაზე ღიად საუბრობს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი. დევიდ ბიზლის თქმით, რუსული ძალები ქალაქში ჰუმანიტარულ ტვირთს ამ დრომდე არ უშვებენ. ოკუპანტები ადგილობრივებს არ აძლევენ ოჯახის გარდაცვლილი წევრების დაკრძალვის უფლებასაც. საკუთარი სისასტიკის კვალის გასაქრობად კი რუსმა ჯარისკაცებმა გვამების ექსჰუმაცია და მობილურ კრემატორიუმებში დაწვა დაიწყეს.
აუნაზღაურებელია მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. ბუჩას მერის თქმით, ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ დახვრიტეს. ბუჩას ტრაგედიას ადგილზე გაეცნო ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი. კარიმ ხანი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიება სწრაფად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
პარალელურად, მოსკოვი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და დონბასის მიმართულებაზე უკვე 65 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავს მობილიზებული. სრული მზადყოფნაა გამოცხადებული უკრაინის არმიაშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ "მსოფლიოს ყველა ქვეყანა" უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.