მედიასაშუალებებმა იმ რუსი ოკუპანტის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელსაც ცოლი უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა, ორივე ცოლ-ქმრის ვინაობა დადგენილია - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროს გვერდი დახურულია, თუმცა მისი ცოლი სოცქსელებით აქტიურად სარგებლობდა.
საუბარია აუდიოჩანაწერზე, რომელშიც რუსი ქალი ოკუპანტს, საკუთარ მეუღლეს უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა.
როგორც "სხემა-სა" და "რადიო სვობოდა-ს" საერთო გამოძიებაშია ნათქვამი, მამაკაცი, წარსულში რუსული გვარდიის წვევამდელი, იმ პოლკშიც მსახურობდა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა, უკრაინაში ომის დაწყების დროს კი ხერსონში შეიჭრა. გაირტკვა ისიც, რომ რუსი ოკუპანტის ცოლი შვილთან ერთად ოკუპირებულ ყირიმში ცხოვრობს.
მედიასაშუალება "სხემამ" გაარკვია ისიც, რომ გავრცელებული დიალოგის დროს რუსი ოკუპანტი ხერსონში იმყოფებოდა. უკრაინულ სამართალდამცავ ორგანოებში არსებული წყაროებიდან ჟურნალისტებმა დიალოგის მონაწილეების სატელეფონო ნომრები გაარკვიეს, რის შედეგადაც აღნიშნულ პირებზე გავიდნენ.
"რადიო სვობოდამ" დიალოგის მონაწილეების იდენტიფიცირება მოახდინა. ისინი არიან 27 წლის რომან ბიკოვსკი და მისი მეუღლე - ოლგა ბიკოვსკაია-პინიასოვა. წარმოშობით ცოლ-ქმარი რუსეთიდან, ორლოვის ოლქიდან არიან.
მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტის გვერდი სოცქსელში დახურულია, თუმცა მისი მეუღლე გვერდით აქტიურად სარგებლობდა, თუმცა 13 აპრილს სოცქსელში საკუთარი გვერდი წაშალა.
როგორც ჟურნალისტები წერენ, რომან ბიკოვსკი რუსული ნაცგვარდიის ჯარში 2016 წელს მსახურობდა. ოკუპანტმა 2018 წელს სამხედრო სამსახური არ მიატოვა, მისი ოჯახი კი ოკუპირებულ ყირიმში დაახლოებით 2018 წელს გადასახლდა.
ჟურნალისტები თავად რომან ბიკოვსკისაც დაუკავშირდნენ, რომელიც აცხადებს, რომ ჩანაწერში მისი ხმა არ ფიგურირებს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ გამოძიების ავტორები და აცხადებენ, რომ მისი ხმა ჩანაწერის ავთენტური იყო.
რუსი ოკუპანტის ცოლის - ოლგა ბიკოვსკაიას ხმაც სრულიად ემთხვევა ჩანაწერს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს. ოლგა ბიკოვსკაიამ დაადასტურა, რომ მისი ქმარი სევასტოპოლში იმყოფება, კერძოდ კი ცეცხლნასროლ ჭრილობებს ჰოსპიტალში მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოკუპანტის და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 12 აპრილს გამოაქვეყნა. ცოლ-ქმრის დიალოგმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. "შენ იქ უკრაინელი ქალები გააუპატიურე, ოღონდ მე არაფერი მითხრა, გაიგე?" - ასე მიმართავს მეუღლე რუს ოკუპანტს და ურჩევს, ასეთ შემთხვევაში თავი დაიცვას.