27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
უკრაინის პირველ ლედის პრეზიდენტი 50 დღეა არ უნახავს - რას ყვება CNN-თან ინტერვიუში ოლენა ზელენსკა და რას საქმიანობს ის ომის პერიოდში

ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი საპრეზიდენტო ოფისში ცხოვრობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ სივრცეში ყოფნა ეკრძალებათ მთავრობის წარმომადგენლების ოჯახის წევრებს. უკრაინის პირველი ლედის თქმით, უკვე თვეზე მეტია ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნახავს. ოლენა ზელენსკა კამერების წინ 14 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა. უკრაინის პირველმა ლედიმ წერილობითი ინტერვიუ მისცა CNN-ს.

პირველი ლედი ომის დაწყებამდეც უკრაინაში ბავშვთა საკითხებით იყო დაკავებული, ჰქონდა გარკვეული ინიციატივებიც ქვეყნის ახალი თაობის კეთილდღეობისთვის და CNN-ისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდანაც ირკვევა, რომ ომის პირობებშიც იგივე მიმართულებით მუშაობს.

იყო უამრავი კითხვა სად არის და რატომ არ ჩანს ოლენა ზელენსკა, იყო ეჭვიც რომ მან შვილებთან ერთად დატოვა კიდეც ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ოლენა ზელენსკა და პრეზიდენტის ორივე შვილი უკრაინაშია. პირველი ლედი კი ახლა ყველაზე დაუცველების, დაავადებულ ბავშვების და ობლების ევაკუაციას ახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც თანხმდებიან მათ მიღებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ოლენა ზელენკა კურირებს უკრაინაში ახალშობილებისთვის ინკუბატორების მობილიზებას. ცდილობს მოაგვაროს უკრაინის საავადმყოფოებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხები.

როგორც ინტერვიუში ყვება პირველი ლედი ზრუნავს იმაზეც, რომ ომის პირობებშიც შეძლებისდაგვარად არ შეწყდეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე გულისწყდომით აღნიშნავს, რომ თუ ომამდე უკრაინელი ბავშვი რიგითი ევროპელის მოსწავლის დონეზე იყო, ახლა მათ 10 წლით უკან მოუწიათ დაბრუნება. და თუ ომამდე ის ცდილობდა, რომ სკოლებში გემრიელი და ამავე დროს ჯანსაღი ყოფილიყო კვება. ახლა პრობლემაა არა ჯანსაღი, არამედ ზოგადად კვება. ნომერ პირველი მიზანი კი პატარების სიცოცხლის გადარჩენაა.

პირველ ლედის პრეზიდენტი ზუსტად 50 დღეა არ უნახავს. საფრთხის გამო მას და პრეზიდენტის შვილებს საპრეზიდენტო ოფისში დარჩენა აუკრძალეს. აკრძალვა განუმარტეს ასე, რომ აგრესორის ნომერ პირველი სამიზნე არის პრეზიდენტი, მეორე ნომერი კი მისი ოჯახი. მაგრამ ოლენა ზელენსკა ამ შემთხვევაშიც ამბობს, რომ მსოფლიომ ნახა ბევრი დახოცილი ქალი და ბავშვი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მტრის ნომერ პირველი სამიზნე არის ყოველი უკრაინელი.

მიმდინარე ომის დეტალები ცნობილია პრეზიდენტის შვილებისთვისაც. ბავშვების საჯაროობის სასტიკი წინააღმდეგია, როგორც პირველი ლედი, ისე პრეზიდენტი და ამიტომ მათზე ბევრს არ საუბრობენ. დიდად არც ოლენა ზელენსკა წყალობს მედიას.. პირველი ლედისთვის ყველაზე კომფორტული პლატფორმა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის ინსტაგრამია, სწორედ ამ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ის საკუთარ პოზიციებსა თუ მიმართვებს.

დღის ამბები