27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პოლიტიკური ტრენინგი თუ კონსპირაცია ხელისუფლების დასამხობად - რას ამბობენ ბრალდების ადრესატები ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე

ხელისუფლება ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილს კვლავ რევოლუციური სცენარის მზადებაში ადანაშაულებს. საუბარია დახურულ შეკრებაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით გაიმართა.

"ნაციონალურ მოძრაობაში", პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობა ბუნებრივ პროცესად მიაჩნიათ. შეხვედრის მონაწილე პარტიებში ამბობენ, რომ მსგავს შეკრებებზე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის გეგმები არ განიხილება, თუმცა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მათი თქმით, აუცილებელია.

რევოლუციურ გეგმებს გამორიცხავენ სამოქალაქო სექტორშიც, სადაც დღეს წერილობით, ვრცლად განმარტეს თუ რა იყო ბაკურიანში გამართული ტრენინგის მიზანი.

შეხვედრას ბაკურიანში 6 პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ესწრებოდა: "ნაციონალური მოძრობა", "ლელო", "ევროპული საქართველო", "დროა" , "გირჩი მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი". რა პრინციპით შეარჩიეს მონაწილეები და რატომ არ მიიწვიეს სხვა პარტიები - შერჩევითობა პოლიტიკურ სპექტრში კითხვებს აჩენს, თუმცა თავად შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილები შეზღუდული იყო.

ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შორის ზღვარი უკვე წაშლილია - ასეთია მმართველი გუნდის ბრალდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ტირანიასთან ბრძოლასა და რევოლუციის მეთოდებზე საუბარი, ქვეყანაში პოლარიზაციის დონეს აღრმავებს და ბაკურიანის შეკრებაზე განხილულ საკითხებს პოლიტიკურ დანაშაულად აფასებს.

შეხვედრა ბაკურიანში აპრილის დასაწყისში გაიმართა - ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართული ტრენინგის მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.

დღის ამბები