შავი ზღვის ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ხომალდი, რუსეთის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "Москва" უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად სერიოზულადაა დაზიანებული. მის მოძრაობას ახლა ყველა ქვეყნის სპეცსამსახური განსაკუთრებულად აკვირდება.
რუსეთის საიმაყე ომს უკვე გამოეთიშა. მოსკოვი აღიარებს ხანძარს და გემზე არსებული საბრძოლო მასალების აფეთქებას, თუმცა ირწმუნება, რომ ეკიპაჟის 510-ვე წევრი ევაკუირებულია. სხვა ვერსიებით კი, რუსული ფლოტის სარდალი გემი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომშიც იყო ჩართული ზღვაში დიდხანს ან ვერასდროს დაბრუნდება.
"მოსკოვის" გადარჩენას წუხელ 4 რუსული გემი ძლიერი შტორმის დროს ცდილობდა. ეს სწორედ ის რუსული სამხედრო ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინის დამცველებმა, ცნობილი სამი სიტყვით, ერთი მიმართულებით გაუშვეს.
16 ფრთოსანი რაკეტით აღჭურვილმა ფლაგმანმა, რომელსაც საზღვაო დესანტისა და სხვა გემების უსაფრთხოება ევალებოდა, საკუთარი თავიც კი, ვერ დაიცვა.
"მოსკოვი" უკრაინამ ზღვის ღმერთის "ნეპტუნის" სახელობის რაკეტებით მწყობრიდან გამოიყვანა.
რუსული ფლოტის ფლაგმანმა, საქართველოსა და სირიის შემდეგ, თავისი საბრძოლო ისტორია ოდესიდან 96 კილომეტრში დაასრულა.