უკრაინის მხარდასაჭერად კიევში დასავლელი პოლიტიკოსების ვიზიტები ამ დრომდე არ წყდება. დედაქალაქში ამჯერად ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ჩავიდნენ.
ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის - მუშკეტერების დევიზი 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია. ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიევში ჩასვლით გამოხატეს. დედაქალაქამდე მათ რუსული რეჟიმის მიერ განადგურებული ბუჩა, ბოროდიანკა და დიმიტრივკაც ნახეს. პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს უკრაინის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, ალიანსის მოკავშირეები უკრაინის სამხედრო შეიარაღებაზე ზრუნვას განაგრძობენ. კიევი ამერიკისგან დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს მიიღებს. ახალი პაკეტის ფარგლებში აშშ უკრაინას გადასცემს: მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვს - ჯაველინებს, დრონებს, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბილოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.
რუსეთს კი დასავლეთის ქმედებები აღიზიანებს. დიმიტრი მედვედევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთის მოწინააღმდეგეები გახდებიან და ამის გამო მოსკოვი "შესაბამის ზომებს" მიიღებს. კრემლი სამხედრო სამიზნეებად განიხილავს ასევე, აშშ-სა და ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც უკრაინაში იარაღი გადააქვთ. თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მკაცრად აღიკვეთება დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, შეანელოს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ამ მუქარის ფონზე, სერგეი ლავროვმა ამერიკა და მსოფლიო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები უკრაინაში, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
უკრაინაში ზუსტად იციან, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის. პრეზიდენტი ზელენსკი პარტნიორებს რუსეთის "ომის მანქანის" შესაჩერებლად სანქციების გამკაცრებას, რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დროულად მიწოდებას სთხოვს.
კიევის თხოვნის შესაბამისად, ევროკავშირი სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად უკრაინას დამატებით 500 მილიონ ევროს გადასცემს და ევროკავშირის მიერ საომარ ქვეყანაში მყოფი ქვეყნისთვის გამოყოფილ დახმარებას, მილიარდ 500 მილიონამდე გაზრდის. ომის დაწყების მომენტიდან, 100 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის საფრანგეთმაც, თუმცა უახლოეს დღეებში კიევს დამატებით სამხედრო შეიარაღებას ფრანგებიც გაუგზავნიან. ავსტრალია კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს. "შავ სიაში" დამატებით 14 რუსული სახელმწიფო კომპანია მოხვდა. ავსტრალიას "შავ სიაში" ასევე შეყვანილი ჰყავს 600-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის რუსეთის საბანკო სექტორის ძირითადი ნაწილი.