27 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი" - გადარჩენილი ადამიანების ისტორია უკრაინიდან 

ქალაქ მაკაროვში ტყვეობიდან გათავისუფლებულები, დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ადგილობრივები იმ ერთ თვეს იხსენებენ, რომელიც რუსული ოკუპაციის გამო, თავშესაფარში გაატარეს. დღეს, ადგილზე ჩასულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, მოსახლეობა უყვებოდა, რომ დაბომბვებისა და ომის სისასტიკის მიუხედავად, გადარჩენის იმედი არ დაუკარგავთ.

"თავშესაფარში გავატარე მთელი თვე, პირველი დაბომბვა დილის 5 საათზე მოხდა. საშინელი შიშის შეგრძნება იყო, მაგრამ გადარჩენის იმედი არ დამიკარგავს. არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ დავისაჯეთ ასე, ჩვენ ხომ კეთილი ხალხი ვართ. მიხარია მეზობლების და მეგობრების ნახვა, მიხარია, რომ ცოცხლები არიან და გადარჩნენ. ამ ომმა უფრო შეგვაყვარა ერთმანეთი და უფრო გაგვაძლიერა,"- აცხადებს ადგილობრივი.

მხოლოდ ქალაქ მაკაროვში, სამხედრო თავდასხმის შედეგად 23 მოქალაქეა მოკლული. დაღუპულთა სტატისტიკა სრული არ არის, ქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახური სამძებრო ღონისძიებებს აგრძელებს. დაკარგულად ათობით ადამიანი ითვლება, მათ დაბომბილი შენობების ნანგრევებში ეძებენ.

კიევიდან 70 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მაკაროვში, ოკუპანტებმა 600 შენობა დაბომბეს. იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე, ძალოვანები ქალაქების რუკას 3D ფორმატში ამზადებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი, ადგილზე ჩასვლის გარეშე ნახავს, როგორია ე.წ "რუსული მშვიდობა".

დიდია მსხვერპლი მაკაროვის მახლობლად მდებარე სოფლებშიც. გადარჩენილები კი შინ დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სახლების ნაწილი განაღმულია.

22 მარტს უკრაინამ მაკაროვზე კონტროლი დაიბრუნა. რუსული ჯარი იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა, ადგილზე კი ადამინების ცხედრები და განადგურებული ინფრასტრუქტურა დატოვა. გადარჩენილებმა დღეს "კურიერთან" შოთა რუსთაველის ცნობილი აფორმიზმიც გაიხსენეს:

"მინდა შოთა რუსთაველის სიტყვები გითხრათ - "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი".

დღის ამბები