არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ საქმე აღძრა ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით. სეპარატისტული ორგანოს განმარტებით არესტოვიჩმა 5 აპრილს ტელეეთერის საშუალებით უკრაინის მოსახლეობას ექსტრემისტული ქმედებებისკენ, კერძოდ პოლიტიკური, ეროვნული სიძულვილით მოტივირებული მკვლელობებისკენ მოუწოდა.
არესტოვიჩის წინააღმდეგ საქმე უკვე აქვს აღძრული ბელარუსის გენერალურ პროკურატურას. ბელორუსის საგამოძიებო ორგანო ოლექსი არესტოვიჩს ბელორუსის რკინიგზის ობიექტებზე ტერორიზმისა და დივერსიის ჩადენისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთებას ედავება.
მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას თავად ოლექსი არესტოვიჩი გამოეხმაურა. მან საკუთარ ფეისბუკგვერდზე გააზიარა აღნიშნული ინფორმაციის ბმული კომენტარით: "და შენ რა მიღწევები გაქვს?" - წერს არესტოვიჩი.