27 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
თუ ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე, ამოკითხული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, შესაძლოა გამოძიება დაიწყოს - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, თუ ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, შესაძლოა გამოძიება დაიწყოს.

თუმცა, ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის. კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მონაწილეობით გამართული ღონისძიების სათაური იყო, "როგორ დავასრულოთ ტირანია", შესაბამისად, მისივე თქმით, ნათელია თუ რას ეხებოდა ეს შეკრება:

"ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მოღალატეები არიან, მაგრამ სამართლებრივად ღალატის სტანდარტი განსხვავებულია. საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ ხოლმე ამ კითხვას - თუ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რატომ არ ისჯებიან ღალატის გამო? - მიზეზი არის ის, რომ ღალატის სამართლებრივი სტანდარტი არის სხვა და ღალატის პოლიტიკური შეფასება სხვა. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივა. თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში ამოკითხული იქნება სისხლის სამართლის ნიშნები, ბუნებრივია, გამოძიებაც შეიძლება დაიწყოს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ქართული საზოგადოება მიეჩვია "ქართული ოცნებისგან" მუდმივად კუდიანების ძებნას:

"ქართული საზოგადოება მიეჩვია "ქართული ოცნებისგან" მუდმივად კუდიანების ძებნას. რა ინფორმაციას ჰქონდა "ქართულ ოცნებას", როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებდა საბურავების რევოლუციას, არ ინფორმაცია ჰქონდა, როდესაც ყოველი არჩევნების წინ, სახელმწიფო გადატრიალებისა თუ შეთქმულების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრებოდა და ჩვენი აქტივისტების დაკითხვა მიმდინარეობდა - არანაირი ინფორმაცია. ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ როდესაც "ქართულ ოცნებას" ძალიან უჭირს და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა მინიმალურია, ისინი ცდილობენ საზოგადოების დაზაფვრას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

 

 

 

დღის ამბები