27 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ბავშვების გაუპატიურება, გასაშვილებლად რუსეთში გატაცება, 196 მოკლული არასრულწლოვანი - უკრაინის ომბუდსმენი რუსული აგრესიის მძიმე შედეგებზე საუბრობს

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შედეგად უკრაინაში 197 ბავშვი დაიღუპა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის ოლქში, კიევსა და ხარკოვში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევის ოლქის სოფელ შევჩენკოვოში ერთ-ერთ სარდაფში ნაპოვნია 6 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელიც ნაწამები და დახვრეტილია.

უმძიმესი ფაქტების შესახებ დღეს ვრცლად ისაუბრა უკრაინის სახალხო დამცველმა. ლუდმილა დენისოვას განცხადებით ბუჩაში, რუსმა ოკუპანტებმა 14-24 წლამდე ასაკის 25 გოგო გააუპატიურეს, მათგან 9 ფეხმძიმედ არის. საგანგებო პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა არაერთი კონვენციის დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით. ყოველ დღეს მოკლული ბავშვების რაოდენობის დათვლით ვიწყებთ. ამ დროისთვის 196 უკრაინელი ბავშვია მოკლული, თუმცა ეს რიცხვი სრულ სურათს არ ასახავს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიური სამხედრო მოქმედებების ფონზე მოკლული ბავშვების რაოდენობას ვერ ვითვლით.

​აგრესორი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ისევე როგორც ჟენევისა და გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციებს.

რატომ ვსაუბრობთ გენოციდზე? ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სექსუალური ძალადობის ფაქტი, რომლის მსხვერპლიც არამარტო ქალები, არამედ პატარა გოგონები, ბიჭები და კაცებიც გახდნენ, რაც რომის სტატუტის მე-16 მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის. რუსეთის ჯარი გაუპატიურებას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დამატებით იარაღად იყენებს.

გარდა ამისა, გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია უკრაინიდან რუსეთში ბავშვების მშობლების გარეშე იძულებით გადაყვანის შესახებ. ამ დროისთვის რუსეთში 790 000 უკრაინელია დეპორტირებულია, მათგან 150 000-ზე მეტი ბავშვია. გენოციდის პრევენციის კონვენციისა და რომის სტატუტის მიხედვით, ასეთი სახით ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვების დეპორტაცია და გაშვილება მეორე ეთნიკური ჯგუფის მიერ უნდა ჩაითვალოს უკრაინელების გენოციდად. გვაქვს დადასტურებული მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო კვირაში უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის პროცედურის გამარტივებას გეგმავს,"- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

დღის ამბები