თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ორგანიზება გაუწიოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას.
მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ თურქეთი მოლაპარაკებებს არც ოპტიმიზმითა და არც პესიმიზმით ეკიდება. თუმცა, მინისტრის თქმით, მიუხედავად ყველა სირთულისა, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა კვლავ არსებობს.
"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მხარეებთან და ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას. შეხვედრის გამართვა რუსეთის ლიდერის თანხმობაზეა დამოკიდებული. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა არ არის შორეული პერსპექტივა.
ბოლო დროს, ბუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთის დამგმობი არაერთი განცხადება გააკეთეს. ამან გავლენა მოახდინა მოლაპარაკების პროცესზე. ჩვენ ვაგრძელებთ მხარეებთან საუბარს. მოლაპარაკებების მიმდინარე კურსს არც ოპტიმიზმით და არც პესიმიზმით ვუდგებით. ამ შემთხვევაში რეალისტურ პოზიციებზე ვრჩებით.
თურქეთი გააგრძელებს კონტაქტებს მოსკოვთან და კიევთან. დიახ, ბუჩას მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოლაპარაკებებზე. თუმცა, მიუხედავად ყველა სირთულისა, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა,"- აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.