ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის სპონსორობა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვიან ღამით გავრცელებული ვიდეო მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების გაძლიერებასა და რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსა და იმ 4 ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც კიევში ჩავიდნენ.
"კიევში უკრაინის ოთხი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ისინი, ვინც პირველივე დღეებიდან გვეხმარებიან. ვინც არ ყოყმანობდნენ იარაღის მოცემაზე. ვინც ეჭვი არ შეიტანა უნდა დაეწესებინათ თუ არა სანქციები და ვინც ახლა ევროკავშირის დონეზე უბიძგებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების პაკეტს.
პირველ რიგში, გვჭირდება ნავთობის ემბარგო და ევროპის მკაფიო მზაობა დათმოს მთელი რუსული ენერგია. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მანქანის სპონსორობა.
ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. საუბრის თემა მოიცავდა ყველა იმ რუსი სამხედრო მოსამსახურისა და მეთაურის სამართლებრივ დევნას, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერის ახალი პაკეტი. შეთანხმება მიღწეულია. 800 მილიონი დოლარი. იარაღი, საბრძოლო მასალა, საარტილერიო სისტემები, ვერტმფრენები. ჩვენ ასევე შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე.
მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დამცველის, ვინც პოზიციებს იკავებს და რუს ჯარისკაცებს ასწავლის ფიქრს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი ადრე თუ გვიან მხოლოდ რუსეთის სტრატეგიული დამარცხებით შეიძლება დასრულდეს. რუსეთის ხელმძღვანელობამ ან ნამდვილად უნდა ეძებოს მშვიდობა, ან ამ ომის შედეგად რუსეთი საერთაშორისო არენას სამუდამოდ დატოვებს," - განაცხადა ზელენსკიმ.