27 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან. განსაკუთრებულად აღინიშნა თანამშრომლობის აქტიური დინამიკა HCNM-ის ოფისთან.

პრემიერის თქმით, საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისივე განცხადებით, HCNM-ის ოფისის აქტიური ჩართულობით შექმნილი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, მიზნად სწორედ ყველა მოქალაქისთვის, ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლობის მიუხედავად, თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ისახავს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებათა მაღალი საერთაშორისო სტანდარტები და გამოიყენოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. მთავრობის მეთაურმა უმაღლეს კომისარს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის პროცესში.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და HCNM-ის ოფისის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია განათლების სექტორი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას მშობლიურ ენებზე, აგრეთვე, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის სხვადასხვა მექანიზმებს შორის აღინიშნა უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედია, ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.

ყურადღება დაეთმო ეუთო-ს ღირებულ ჩართულობას საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

საუბარი აგრეთვე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო-ს მხრიდან  უფროსი  მრჩეველი მარკ ფუმაგალი, პირადი მრჩეველი - ჯაზირა კულ-მუჰამედი და პროგრამის კოორდინატორი ნინო გოგოლაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ. 

 

დღის ამბები