27 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ოპოზიციამ რომ დააკნინა პარლამენტის როლი და ხელიდან გაუშვა საპარლამენტო ბერკეტები, ამით დაასუსტა საკუთარი თავი - რომან გოცირიძე ოპოზიციას აკრიტიკებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ოპოზიციონერ კოლეგებს აკრიტიკებს და ფეისბუქ პოსტით მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი წერს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, ამას კი, თავის გასამართლებლად, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლას აბრალებენ. 

რომან გოცირიძე წერს, რომ ოპოზიციამ დააკნინა პარლამენტის როლი და ხელიდან გაუშვა საპარლამენტო ბერკეტები, ამით კი დაასუსტა საკუთარი თავი და ახლა იმკის შედეგებს.

"ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა, თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი? ახლა თავის მართლების მოდური საბაბი გახდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი. თურმე პარლამენტია ყველაფერში დამნაშავე, თურმე გამარჯვებაში ხელს უშლიან ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტს ვერ ელევიან. არ იყო ოპოზიცია მთელი წლის განმავლობაში პარლამენტში და რატომ არ იყო ყველაფერი სხვანაირად? იქნებ პირიქითაა - ოპოზიციამ რომ დააკნინა პარლამენტის როლი, ხელიდან გაუშვა საპარლამენტო ბერკეტები, ამით დაასუსტა საკუთარი თავი და ახლა იმკის შედეგებს? დამარცხების ფორმულის ძიებაში ვართ გამუდმებით, როცა გამარჯვების ფორმულისთვის უნდა მიგვეგნო. ცუდია ისაა, რომ დამარცხების მიზეზებიც სწორად ვერ აგვიხსნია ამდენი წელია. არა და, საკმარისი რაოდენობის მარცხები დაგვიგროვდა, რომ აქედან დასკვნა გამოგვეტანა,"- წერს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები