აშშ-ს არ შეუძლია დაადასტუროს, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს - ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. თუმცა, ენტონი ბლინკენის თქმით, მათ "სანდო ინფორმაცია" აქვთ იმის შესახებ, რომ მარიუპოლში, რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური საშუალებები გამოიყენოს.
"ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ რაიმე დავადასტუროთ, არ მგონია, რომ უკრაინელებიც არიან. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა სანდო ინფორმაცია, რომ რუსულ ძალებს მარიუპოლის აღების აგრესიული კამპანიის ფარგლებში, შეიძლება, არეულობის კონტროლის სხვადასხვა აგენტი გამოეყენებინათ, მათ შორის, ქიმიურ აგენტებთან შერეული ცრემლსადენი გაზი, რაც გამოიწვევდა უფრო ძლიერ სიმპტომებს, უკრაინელი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის შესუსტებას და ქმედუუნარობას. ამ ინფორმაციას უკრაინას ვუზიარებთ და ჩვენ პარტნიორებთან უშუალო საუბარი გვაქვს, რათა განვსაზღვროთ, თუ რა ხდება რეალურად. ასე რომ, ეს ნამდვილად არის შემაშფოთებელი,"-აცხადებს ბლინკენი.