27 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს 

მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე მსოფლიომ "პრევენციული რეაგირება" უნდა მოახდინოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვს უკრაინის მიერ დაკავებული, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

"თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს. რუსეთის ფედერაციას ვთავაზობ: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა რუსულ ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა.

დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მარიუპოლში ქალაქის დამცველების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ ცნობებს. ჯერჯერობით, შეუძლებელია ასპროცენტიანი დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ რა სახის ნივთიერება იყო ეს. 

ცხადია, რომ ბლოკირებულ ქალაქში შეუძლებელია სრული გამოძიებისა და ანალიზის ჩატარება. თუმცა, მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსი პროპაგანდისტების არაერთგზის მუქარისა და რუსული არმიის მიერ უკრაინაში ფოსფორის საბრძოლო მასალის არაერთხელ გამოყენების გათვალისწინებით, მსოფლიომ რეაგირება ახლა უნდა მოახდინოს. უპასუხოს პრევენციულად, რადგან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, ნებისმიერი რეაქცია არ შეცვლის არაფერს.

ყველა ევროპელი ერის წინაშე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი უნდა მოიცავდეს ნავთობს.

შეწყვიტეთ არასაკმარისად ძლიერი სანქციების პაკეტების გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგიწევთ იმის აღიარება, რომ მხოლოდ ევროპის მიერ რუსეთის ენერგორესურსების მიტოვება და რუსეთის საბანკო სისტემის სრული შეზღუდვა შეიძლება იყოს არგუმენტი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ეძებონ მშვიდობა. ამის გარეშე მოსკოვი სამხედრო გამოსავალს ეძებს," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

დღის ამბები