უკრაინაში დააკავეს "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი. სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
"უკრაინის უშიშროების სამსახურის წყალობით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დეტალები - მოგვიანებით," - წერს ზელენსკი და აქვეყნებს ფოტოს, სადაც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი ბორკილებდადებული ჩანს.
მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.