მმართველი გუნდი ოპოზიციას მორიგ ბრალდებას უყენებს და ირწმუნება, რომ პარტიების ნაწილი ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს ამზადებს და ხელისუფლების დამხობის გეგმას ამუშავებს. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ამ მიზნით ოპონენტების რადიკალურმა ნაწილმა ბაკურიანში საგანგებო შეხვედრაც გამართა და უცხოელი ტრენერიც დაიქირავა.
უცხოელი ტრენერი, რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენელი საუბრობს, პიტერ აკერმანია. გავრცელებული ინფორმაციით, აკერმანის ორგანიზაცია ორიენტირებულია სხვადასხვა ქვეყანაში აქტივისტების მომზადებასა და რევოლუციური პროცესების დაგეგმვაზე.
პოლიტტექნოლოგის ყოფნა ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე, "ქართული ოცნებას" უმყარებს ეჭვს, რომ ოპოზიცია რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება.
"გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიო - გიგა ბოკერია, გირჩი ზურა ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, სამოქალაქო აქტივისტები - მაქარაშვილი, "სირცხვილიას" წევრები და ა.შ. ახლა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი იმისთვის, რომ მოამზადონ სიტუაცია საქართველოში იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა, გადაყენება, რევოლუციური სცენარის განხილვა, რაც არაერთხელ გვსმენია ერთი წყალწაღებული რადიკალური ოპოზიციური პარტიისგან, ახლა ერთად აპირებენ ისე, თითქოს ხალხში არსებობდეს რაიმე განწყობა ისეთი და ამ მანიპულაციებით სურთ რევოლუციური სცენარის განვითარება საქართველოში, რომელიც არ გამოუვათ,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ ყაველაშვილი
შეხვედრის მონაწილეები ბრალდებებს უარყოფენ და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.
ბრალდებას უარყოფს, თუმცა ბაკურიანში გამართულ შეხვედრას ადასტურებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე. ის ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დაესწრო ორდღიან სემინარს, რომელიც მსოფლიოში ავტორიტარიზმთან ბრძოლის მეთოდებს ეხებოდა.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ბაკურიანში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ისინი რადიკალურ გეგმებს არ იზიარებენ.
2 დღიანი სემინარი ბაკურიანში წინა კვირას შედგა. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ.