27 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
თავა, ზალუა, ტყაპოვიჩი - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოს მასშტაბით 9 ადამიანი დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ცინცაძე ერთ-ერთია, ვინც ბიზნესპარტნიორებს შორის ფინანსურ გარჩევაში საზღვარგარეთიდან, დისტანციურად მონაწილეობდა. ის ჯერ კიდევ 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. მას შემდეგ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გერმანიაში ცხოვრობს. "კურიერის" ინფორმაციით, გერმანიაში იმყოფება საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ასევე კანონიერი ქურდი ირაკლი ხოხიაშვილიც.

ფარული სატელეფონო ჩანაწერით ცნობილი გახდა, თუ როგორ ცდილობენ ქურდული სამყაროს წევრები ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტას. გარჩევა იმით დასრულდა, რომ კანონიერმა ქურდებმა ერთ-ერთ მათგანს მეორის სასარგებლოდ 10 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

თავაზალუატყაპოვიჩი და სხვები - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საერთო ჯამში, 9 პირი დააპატიმრა. კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაცია თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზესტაფონში ერთდროულად ჩაატარა. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლითაც ქურდული სამყაროს წევრები ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ. ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. 

"კურიერი" დღეს რამდენიმე ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. ახლობლები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ და არც ის იციან, თუ რა კავშირი ჰქონდათ დაკავებულებს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. 

9 დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები