"ქართული ოცნება" ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის გეგმაზე მუშაობაში სდებს ბრალს. ამჯერად, მმართველი გუნდი ერთ-ერთ შეკრებაზე საუბრობს, რომელშიც, მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ზურაბ ჯაფარიძის "გირჩის", "ლელოს", "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საგანგებო შეხვედრისთვის ოპოზიციას დაქირავებული ჰყავდა უცხოელი ტრენერი, რომელიც პარტიებს რევოლუციური სცენარის შემუშავებაში ეხმარებოდა.
"გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიო - გიგა ბოკერია, გირჩი ზურა ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, სამოქალაქო აქტივისტები - მაქარაშვილი, "სირცხვილიას" წევრები და ა.შ. ახლა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი იმისთვის, რომ მოამზადონ სიტუაცია საქართველოში იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა, გადაყენება, რევოლუციური სცენარის განხილვა, რაც არაერთხელ მსმენია ერთი წყალწაღებული რადიკალური ოპოზიციური პარტიისგან, ახლა ერთად აპირებენ ისე, თითქოს ხალხში არსებობდეს რაიმე განწყობა ისეთი და ამ მანიპულაციებით სურთ რევოლუციური სცენარის განვითარება საქართველოში, რომელიც არ გამოუვათ,"-აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.