მოხდა თუ არა მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა? ცნობებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ ამოწმებს, თუმცა ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ ეს იყო ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალები.
ქიმიურ თავდასხმაზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილიდან, "აზოვის" ბატალიონმა გაავრცელა. მათი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
კიევი ომის კიდევ უფრო რთული ფაზის დაწყებას ელოდება - რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალებს იკრეფს- CNN-ის ინფორმაციით, დონბასში მიმავალი რუსული სამხედრო კოლონა შენიშნეს. კოლონა რეგიონის ჩრდილო-დასავლეთისკენ დააფიქსირეს, სადაც უახლოეს კვირებში მძიმე დაპირისპირებებს ელიან. გუშინდელი დღიდან დაბომბვა არ შეწყვეტილა ხარკოვში. მსხვერპლთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
იზრდება იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების რაოდენობაც, რომელსაც ბუჩაში ჯერ კიდევ პოულობენ. დღეს მეორე მასობრივი საფლავი გახსნეს.
"რუსმა აგრესორებმა სამწუხაროდ სასტიკად აწამეს ჩემი ქალაქის, ბუჩის მოსახლეობა. ოფიციალურად უკვე 403 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა მოკლული ბევრად მეტია. სამძებრო სამუშაოები მთელი ტერიტორიის მასშტაბით, თითოეულ შენობაში და მის გარეთ მიმდინარეობს. იმედია დაკარგული ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუმცა დიდი ალბათობით, მათ ცხედრებს ახლოს მდებარე სოფლების ტყეებში მიაგნებენ, სადაც ადგილობრივებმა მტრის ჯარების გადაადგილება შენიშნეს. დღეს დილით მეორე მასობრივი საფლავი გავხსენით, სადაც 56 ცხედარია დაკრძალული. ჩვენი მოსახლეობა მოხალისეებთან ერთად ყოველდღიურად ასუფთავებს ქალაქს, ვემზადებით ადგილზე მშვიდობიანი ცხოვრებისთვის," - აცხადებს ბუჩის მერი ანატოლი ფედორუკი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ მოწმდება ინფორმაცია მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ:
"მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება. ამ დროისთვის ჩვენ ამ ინფორმაციას ვაზუსტებთ, ვცდილობთ გავარკვიოთ, რა მოხდა. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დიდი ალბათობით საუბარია ფოსფორის ბომბების გამოყენებაზე. ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაგაცნობთ," - განაცხადა ანა მალიარმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ ომის შემდგომი ფაზა კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც გააძლიერებს:
"ვნახეთ რომ რუსეთი არაფერს ერიდება, ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს. ომის შემდგომი ფაზა კიდევ უფრო რთული იქნება. რუსეთი სათითაოდ შეაგროვებს სამხედროებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთ დაუმარცხებელ უკრაინელზე მათი 10 სამხედრო იქნება გათვლილი, რომლებიც მეტი სიფრთხილითა და საბრძოლო წესების სრული დაცვით იმოქმედებენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ ჩავარდეთ პანიკაში გაურკვეველი ინფორმაციის გამოჩენაზე - ამ ყველაფერს მტერი ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებს. ომი აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება,"- განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა