27 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ხარკოვში რუსულ ავიაიერიშებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის არის 13 წლის ბავშვი - "კურიერი" უკრაინიდან

რუსეთმა მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია მომწამვლელ ნივთიერება "ზარინზე". აზოვის პოლკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქიმიური იარაღით იერიში მიიტანეს "აზოვსტალის" ქარხანაზე. ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს 3 ადამიანს.

ღამით რუსეთის ძალებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს. დაზიანდა 12 კორპუსი და 4 ობიექტი. ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომდევნო 2-3 კვირა იქნება ძალიან რთული, რადგან ოკუპანტები სწორედ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე მიიტანენ დამატებით იერიშებს.

ხარკოვში რუსულ ავიაიერიშებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის არის 13 წლის ბავშვი. უკრაინული მედია ინფორმაციას ავრცელებს დონეცკში 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. დაშავდა 8 მოქალაქე.

"რუსი ოკუპანტები უგულებელყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. სავარაუდოა, რომ მომავალში მტერი შეეცდება აიღოს კონტროლი ქალაქ მარიუპოლზე, დაიპყროს პოპასნაია და დაიწყოს შეტევა კურახოვეს მიმართულებით, რათა მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს. შავი და აზოვის ზღვების წყლებში მტრის საზღვაო ჯგუფები აგრძელებენ დავალებების შესრულებას საომარი მოქმედებების ზონის იზოლირებასთან.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ექვსი შეტევა. მტერი ცდილობს დაასრულოს დანაყოფების გადაჯგუფება. დაფიქსირდა მტრის სამოქალაქო ტანსაცმლით ბრძოლის შემთხვევები. ჩრდილოეთის მიმართულებით მტერი ასრულებს ცალკეული ქვედანაყოფების გადანაწილებას აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში.

მტრის ჯარები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას, ატარებენ საჰაერო დაზვერვას ჩვენი ჯარების ქვედანაყოფების პოზიციების იდენტიფიცირებისა და მათი განლაგების მარშრუტების დასადგენად," - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვი​ს განცხადებით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ უკრაინის 78 სამხედრო ობიექტს დაარტყა.

"ჩვენი ოპერაციის შედეგად მაღალი სიზუსტის საზღვაო რაკეტებმა "კალიბრმა" გაანადგურა S-300 საჰაერო თავდაცვითი სარაკეტო დივიზიის აღჭურვილობა ქალაქ დნიპროს სამხრეთ გარეუბანში, რომელიც დამალული იყო ფარდულში. ეს აღჭურვილობა კიევის რეჟიმს მიაწოდა ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ. დარტყმა მივაყენეთ ოთხ S-300-სა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-მდე პირს. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ უკრაინის 78 სამხედრო ობიექტს დაარტყა. სამიზნეში ასევე მოხვდა ოთხი საბრძოლო საცავი და უკრაინული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონა," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი​.

დღის ამბები