უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში - ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ეს სამარცხვინო შემოჭრაა, რომელიც რუსეთს საერთაშორისო ურთიერთობებისგან თანდათან აშორებს და მას ყოველდღიურად უფრო და უფრო ტოქსიკურს ხდის. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსეთის არმია თავისი ქმედებებით და ომის დანაშაულებით მსოფლიოში ყველას აიძულებს, რუსეთის ფედერაციასთან ყოველგვარ კავშირზე უარი თქვას.
ოკუპანტების ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ მათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება შეეძლოთ. ჩვენ ამას მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით. მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა და უკვე მაშინ ეს ნიშნავდა, რომ საჭიროა რუსეთის აგრესიაზე უფრო მკაცრი და სწრაფი რეაგირება.
ევროკავშირმა ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი ისეთი იყოს, რომ რუსული მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგო აუცილებელია. ნებისმიერი ახალი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არ მოიცავს ნავთობს, მოსკოვში აღქმული იქნება ღიმილით.
რაც შეეხება საჭირო იარაღს, ჩვენ მიწოდებაზე, ჩვენს პარტნიორებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც გვჭირდება, რომ ეს ომი უფრო მალე დასრულდეს, მთლიანად გაანადგუროს მტერი ჩვენს მიწაზე და ის ამოცანები შეასრულოს, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის აშკარაა, კერძოდ, მარიუპოლის განბლოკვა.
დარწმუნებული ვარ თითქმის ყველაფერს მივიღებთ, რაც გვჭირდება, მაგრამ არამხოლოდ დრო, არამედ უკრაინელების სიცოცხლე იკარგება, სიცოცხლე, რომლის დაბრუნება შეუძლებელია. ეს მათი პასუხისმგებლობაცაა, ვინც ჯერ კიდევ ინახავს იარაღს, რომელიც უკრაინას თავის შეიარაღებაში სჭირდება. პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ისევე როგორც ჩვენი მადლიერება დარჩება ისტორიაში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.