27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი.

უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 45 საბრძოლო ვაზნა. ასევე დაკავებულია, 1985 წელს დაბადებული მ.თ. რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღებულია "ნაგანის" სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი და 13 საბრძოლო ვაზნა. ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო პისტოლეტი, მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიაში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 54 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს 1973 წელს დაბადებული თ.ნ. და 1963 წელს დაბადებული ჯ.თ. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 78 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ი. კ. დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის მოდელის AKC -ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 56 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ი.კ.-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ბ.მ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 146 ვაზნა.

დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები