"სიკეთე იყოს" - ამ სიტყვებს ამბობს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, როდესაც ყუთში ბიულეტენს აგდებს.
არაღიარებულ არჩევნებში კიდევ 4 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი და მოქმედი დეპუტატები და პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი.
კონკურენტები, ამომრჩევლები, 8 საათზე გახსნილი უბნები. ოკუპირებულ ცხინვალში დღეს თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა პროცესი რომ არალეგიტიმურია ეს საოკუპაციო რეჟიმს თბილისიდან შეახსენეს. ოფიციალურმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები ე.წ. არჩევნების დაწყებიდან მალევე გამოაქვეყნეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი უკანონო აქტი სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ის არ გამოხატავს ხალხის ნებას და ამ პროვოკაციულ ქმედებებს სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
სამხრეთ ოსეთში არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი არალეგიტიმური პროცესი იგეგმება. რეფერენდუმი, რომლითაც ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა რუსეთთან გაერთიანება, სწორედ აქ ხედავენ საფრთხეს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტი, თუმცა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მხრიდან წარმოებულ ანტისაოკუპაციო პოლიტიკას.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ხელისუფლებას აქვს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დეოკუპაციისთვის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ არალეგიტიმურ ქმედებებს თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა.
საოკუპაციო რეჟიმის ნაბიჯები საერთაშორისო დონეზე უკვე დაგმეს. აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად განცხადებები გაავრცელეს ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საელჩოებმა. საერთაშორისო პარტნიორები ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აფიქსირებენ. სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთი, რომ საქართველოს ტერიტორიებია, ეს ამერიკის საელჩომ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცესკოში რეგისტრირებული იყო 32 ათასზე მეტი ამომრჩეველი. გახსნილი იყო 76 საარჩევნო უბანი. ხმის მიცემა შეეძლოთ ვლადიკავკაზში, მოსკოვსა და სოხუმშიც. მედია დღის განმავლობაში დარღვევებსა და გაყალბებასთან დაკავშირებით არაერთ ინფორმაციას აქვეყნებდა. ვრცელდებოდა ეგზიტპოლის მონაცემებიც, წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვით მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი არჩევნებში მარცხდებოდა. პარალელურად კი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებდა ადგილობრივებს საზოგადოებრივი წესრიგი დარღვევის, შეკრებების და მიტინგების შესახებ მკაცრი რეაგირების შესახებ.