27 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
უკრაინა აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება - როდის ელოდებიან მძიმე ბრძოლებს

უკრაინა აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება. არაერთი ქვეყნის დაზვერვის ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება და აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მასობრივი შეტევის ორგანიზება ხდება. მძიმე ბრძოლები მოსალოდნელია მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში.

საარტილერიო და საავიაციო იერიში ლუჰანსკის ოლქზე გრძელდება. ღამის განმავლობაში დაიბომბა რამდენიმე სოფელი. ვრცელდება ინფორმაცია 15-მდე დაშავებულის შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ოკუპანტი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება, მანამდე კი ტერიტორიის ე.წ "გაწმენდას" ცდილობს.

შეტაკებები გრძელდება დონეცკის ოლქში. პარტიზანულ ჯგუფებად დაყოფილი უკრაინელი სამხედროები მტრის ობიექტებს ანადგურებენ. ღამის განმავლობაში აფეთქებულია ტყვიის, ჭურვების და სხვა აღჭურვილობის საცავი. ლიკვიდირებულია 50-მდე რუსი ჯარისკაცი.

ხარკოვი კვლავ ოკუპანტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ჩამოგდებულია 40-მდე ჭურვი ქალაქში და რამდენიმე ათეული ოლქის ტერიტორიაზე. დაიღუპა 2 ადამიანი.

მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა მარიუპოლში, რასაც ოკუპანტების რეიდები ემატება. მერის ინფორმაციით, მიმდინარეობს ნადირობა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტების ტყვეობაში ქალაქში 400-მდე სამოქალაქო პირი რჩება. ზონაში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს წითელი ჯვარი.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დღეს მედიასთან საუბრისას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა შეაფასა. ირინა ვენედიქტოვა პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მძიმე ვითარებაა კიევის ოლქში. ბოლო ცნობებით, რუსულ იერიშებს აქ 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები