27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
რკინის ლედის სამშობლოდან უკრაინაში ჩასულმა ბორის ჯონსონმა უკრაინელი ხალხი "რკინის ხალხს" და "ლომის სიმამაცეს" შეადარა 

უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ყოველდღიურად ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. მათ არაერთი პოლიტიკური ამოცანა აქვთ. სამხედრო თუ ფინანსური დახმარების მიღება და სანქციების დაწესება რუსეთისთვის.

ბორის ჯონსონის კიევის ქუჩებში გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო.სახლიდან ზურგჩანთით გამოსული უკრაინელი მამაკაცი ქუჩაში შემთხვევით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს შეხვდა. ხელი ჩამოართვა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მისი სტუმრობის შესახებ ამბებს შვილიშვილებს მოუყვება. 

უკრაინელი ქალისგან კერამიკის მამლები საჩუქრად დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მაშინ მიიღო, როცა ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხრეშატნიკის მოედანზე სეირნობდა. სტუმარმა და მასპინძლებმა გადაიღეს ერთობლივი ფოტოც. 

ინგლისელი სტუმარი კიევში გუშინ მოულოდნელად ჩავიდა. მას შემდეგ, რაც მეგობარ პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა, დაცარიელებული კიევის ქუჩების დათვალიერება გადაწყვიტა. პრემიერი პიჯაკით, პრეზიდენტი ჩვეული ხაკისფერი სამოსით. ფეხით ბევრი იარეს, იყვნენ მაიდანზე, პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც თავისუფალი უკრაინის იდეისთვის იბრძოდნენ და შეეწირნენ მას. საკუთარი ქალაქის გასაცნობად მეგზურობას დიდი ბრიტანეთის სამეფოს მთავრობის მეთაურს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაუწია. 

სანამ ქუჩაში გავიდოდნენ, პრემიერმა და პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.მოგვიანებით კი  ერთობლივ ბრიფინგი გამართეს. მეტი იზოლაცია რუსეთს, ეს ორი ქვეყნის პირველი პირების მთავარი სათქმელი იყო. ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს, უკრაინის პრეზიდენტმა კი რუსული ენერგორესურსებზე სრული ემბარგოს დაწესება მოითხოვა. უკრაინაში ჩასვლამდე ბორის ჯონსონმა პირობაც დადო, რომ ომში მყოფ ქვეყანას 120 ერთეულ ჯავშანმანქანასა და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. ჯონსონმა უკრაინელი ხალხისა და მათი პრეზიდენტის ბრძოლა ლომის სიმამაცეს შეადარა.

კიევში ჩასვლამდე ბორის ჯონსონმა ბევრი იარა. რა გზით მოხვდა ომში მყოფი და მტრისგან აუღებელი ქვეყნის დედაქალაქში ? ამ შეკითხვას პრემიერმა მატარებლის ვაგონში ჩაწერილი ვიდეომიმართვით უპასუხა. რეისი ვარშავა -კიევის მგზავრმა საკუთარ მოგზაურობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა რკინიგზის თანამშრომლებს. რკინის ლედის სამშობლოდან უკრაინაში ჩასულმა პრემიერმა ისიც თქვა, რომ რკინის ხალხს შეხვდა. 

კიევი მაღალი დონის ვიზიტებს დღესაც მასპინძლობდა. ბორის ჯონსონის შემდეგ, უკრაინაში ავსტრიის კანცლერიც ჩავიდა. ავსტრიელი პოლიტიკოსი უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის, მოგვიანებით კი ძმებ კლიჩკოებს კიევში. ამ ფონზე უკრაინამ რუსეთთან ყველა სახის სავაჭრო კავშირი შეწყვიტა, გაირკვა ისიც, რომ ევროკავშირის საელჩო მალე კიევში მუშაობას განაახლებს. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოულოდნელ, თუმცა ისტორიულ ვიზიტს ახლა უკვე ისტორიის ფურცლები შემოინახავს. უკრაინაში კი მშვიდობის ფასი ჯერაც არავინ იცის, დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ოკუპანტი ფედერაციის ლიდერი 46 დღეა ვერ შეაჩერა.

დღის ამბები