ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება თბილისში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გმობს და არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოში ოპოზიციაც და მართველი გუნდიც აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ და ვერ ექნება იურდიული შედეგი, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ე.წ.არჩევნების შემდეგ დაგეგმილი რეფერენდუმი, რომლის ჩატარებაც ოკუპირებულ ცხინვალში იგეგმება.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არ გაღიზიანების პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას კარგა ხანია მოწყობილი, ამის გამო არაფერი არ იცვლება და ტერიტორიებს არავინ არ გვიბრუნებს. პირიქით, ასეთი პოლიტიკის ფარგლებშიც კი მოწინააღმდეგე უფრო და უფრო მეტს ითხოვს და ოკუპანტს შენი ზრდილობა მაინცდამაინც არ აღელვებს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს ე.წ. რეფერენდუმთან მიმართებაში.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში იყენებს ყველა ფორუმს, მათ შორის ისინი ხაზს უსვამენ საერთაშორისო სასამართლოში ოკუპაციის მიმართულებით საქართველოს მხრიდან დაფიქსირებულ პოზიციას და ამბობენ, რომ ე.წ. არჩევნებიც და რეფერენდუმიც არის არალეგიტიმური.
"საქართველო იყენებს ყველა ფორუმს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებს იმისათვის, რომ ქვეყნის ოკუპაციას გაუსვას ხაზი. ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმის ე.წ. შედეგებითურთ არის სრულიად არალეგიტიმური იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის, პოლიტიკური, სამხედრო და ტერორისტული წნეხის შედეგად.
შესაბამისი შედეგებითურთ ეს იქნება რუსეთის ფედერაციის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები მოჰყვება და ამ მკაცრ პოზიციას დავიცავთ ყველა დონეზე. ერთი რაც არის განცხადებული და რომელზედაც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია არის ის, რომ საქართველოს გააჩნია მშვიდობის პოლიტიკა. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ძალადობის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს არ ცნობს არც საქართველოს ხელისუფლება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა - ასეთია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხები სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოზიცია.