საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს - უწყების შეფასებით, ეს ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს წარმოადგენს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
"მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას. ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.