2 დაღუპული და 12 დაჭრილი - ასეთია 28 წლის პალესტინელი ახალგაზრდის მიერ თელ-ავივის ცენტრში ჩადენილი ტერორისტული აქტის შედეგი. გუშინ საღამოს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს უმისამართო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც მიიმალა.
ისრაელის სპეციალური ოპერაციის ძალები და პოლიცია ტერორისტს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დილით კი მას ქალაქის სამხრეთში მიაგნეს და მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. ტერაქტის გამო თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული. ახლა ისრაელის სპეცსამსახურები იმის დადგენას ცდილობენ, ჰყავდა თუ არა 28 წლის პალესტინელს თანამზრახველები და ჰქონდათ თუ არა მათ ტერორისტული აქტის ქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელების განზრახვა.
დიზენგოფის ქუჩა, სადაც არაერთი კაფე და რესტორანი ფუნქციონირებს მუდმივად ხალხმრავლობაა, პოლიციის ვერსიით, ტერორისტების სამიზნეც სწორედ ამიტომ გახდა.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს როგორ გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების ჯგუფებს უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. პირველი შოკის გადატანის შემდეგ პოლიციის და ექიმების დასახმარებლად ადგილზე მოქალაქეებიც მივიდნენ.
დევნის ოპერაციის დაწყებიდან მალევე გავრცელდა ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი, სადაც პოლიციის ინფორმაციით, პალესტინელი თავდამსხმელი ჩანდა. კადრი ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. დილის საათებში ოფიციალურად დადასტურდა, რომ სპეცსამსახურებმა ტერორისტის ლიკვიდაცია ორმხრივი სროლის შემდეგ მოახდინეს. ისრაელის მედიამ უკვე გაავრცელა თავდამსხმელის ფოტოც. ასევე გავრცელდა კადრები, რაც თელ-ავივში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ღაზაში გამოხატულ ოვაციებს ასახავს.
ამ ყველაფრის ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტერორისტებს განადგურებას კიდევ ერთხელ დაპირდა.
თელ-ავივში განხორციელებული ტერაქტი ბოლო 3 კვირის განმავლობაში უკვე მე-4 სისხლიანი თავდასხმაა. გახშირებულ ფაქტებს ისრაელის სპეცსამსახურები რამადანის მოახლოებას უკავშირებენ. გასულ წელს სწორედ რამადანის წინ დაიწყო გამოსვლები და შეტაკებები იერუსალიმში, რასაც ღაზას 11 დღიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.