სანამ რუსული ნარატივის გამტარებელი "პატრიოტები" მოსკოვში პუტინის კარზე აკაკუნებენ, თბილისში ირმა ინაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პარტიის ინტერესების თანხვედრაზე ალაპარაკდნენ. "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოს დარბაზიდან გაკეთებული განცხადება გაახსენეს, სადაც ის ნეიტრალიტეტზე საუბრობდა.
მმართველი გუნდის მტკიცებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის თბილისში გაკეთებული განცხადების გაგრძელებაა მოსკოვში ამჯერად ირმა ინაშვილის მიერ ნეიტრალიტეტზე საუბარი. "ნაციონალური მოძრაობა" ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი კი უდანაშაულო ადამიანების მკვლელ სახელმწიფოსთან ნეიტრალიტეტს კვლავ სოციალური ქსელით ლობირებს.
"ნაციონალური მოძრაობა" კი "პატრიოტთა ალიანსის" "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციურ პარტიაში აბსურდული უწოდეს. ამავეს ფიქრობს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, რომელმაც ნეიტრალიტეტისა და "ნაციონალურ მოძრაობის" შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ქართულ პოლიტიკაში, რომ ერთმანეთის ოპონენტები დროებითი მოკავშირეებიც გამხდარან, ამაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური ძალები, თუმცა სააკაშვილის გუნდისა და ინაშვილის პარტიის კავშირს გამორიცხავენ, მით უმეტეს ნეიტრალიტეტის თემის გარშემო.
ის, რასაც შიდა ბრძოლას უწოდებს ზოგიერთი ოპოზიციონერი, ქვეყნის ინტერესებს უკავშირებს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტების განცხადებები დღეს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
ნეიტრალიტეტის საკითხის აქტუალიზაციას დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა", რომელსაც პოლიტიკურად ტაბუდადებული თემა მშვიდობის გარანტად მიაჩნია.